მსახიობებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
დღევანდელ წერილში, ტრადიციულად, ქართული სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ “თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.
ცნობილი ქართველი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასეთ კურიოზს იხსენებდა:
„1998 წელს „მოსფილმში“ კინოცდებზე ვიყავი მიწვეული და გადაღების მერე ჩემს „მოსფილმელ“ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ პავილიონში მთელი ღამე ვიქეიფე. დილით კი, ყველას რომ ჩაეძინა, ცალ ხელში ნასუფრალი ნაგვით სავსე პარკი დავიჭირე, მეორეში – სქელტანიანი სცენარი და კინოსტუდიიდან გამოვედი. იქვე უზარმაზარი ნაგვის ბუნკერი იდგა და ინსტინქტურად, ნაგვის მაგივრად ბუნკერში სცენარი გადავუძახე… რა უნდა მექნა, ეს ამხელა კაცი ბუნკერში ჩავეყუდე, რომ ჩემი სცენარი როგორმე ამომეღო. თითქმის მივაღწიე კიდეც მიზანს, როდესაც მოულოდნელად ზურგიდან ვიღაცამ ძლიერად მომქაჩა და მიწაზე დამაგდო. თავი რომ ავწიე, ჩემ წინ ორი ჯანიანი „ბომჟი“ იდგა და მიბღვერდა.
– აბა, გაეთრიე აქედან! ეს ჩვენი ტერიტორიაა და სხვაგან „იჩალიჩეო“, – დამიყვირა ერთმა.
მივხვდი, რომ მათ კონკურენტი „ბომჟი“ ვეგონე და შევეცადე, სიტუაცია ამეხსნა, მაგრამ ჩემი მოსმენაც არ მოინდომეს და საცემრად წამოიწიეს. ისე გამოვიდა, რომ „ბომჟები“ სანაგვე ბუნკერში ჩავყარე და მხოლოდ მას შემდეგ დავიბრუნე ჩემი სცენარი, როდესაც მორიგე მილიციის ჯგუფი მოგრიალდა. ერთ-ერთმა მათგანმა მიცნო და კოლეგებს უთხრა, – ეს ხომ სანჩო პანსააო…
სანდრო ჟორჟოლიანი გამწარებული ჰყავდა მის კოლეგასა და მეგობარს მიხეილ სარაულს, რომელიც სხვადასხვა ოინების დიდოსტატი იყო.
ერთხელ რუსთაველის თეატრი გასტროლებს ბათუმში მართავდა. იმ წელს აჭარის დედაქალაქში ძალიან ცხელოდა და რაც მთავარია, რუსი „ნაშების ცვენა“ იყო. აბა, მეტი რა უნდოდა სარაულს და მორიგი სპექტაკლის მერე სიმპათიური რუსი გოგონა „შეაბა“ და სასტუმრო „ინტურისტის“ რესტორანში დაპატიჟა, სადაც თეატრალური დასი იყო დაბინავებული. სარაული და ჟორჟოლიანი ერთ ნომერში ცხოვრობდნენ. სარაულმა იცოდა, რომ სანდრო ადრე წვებოდა დასაძინებლად და მთელი ღამით მას ნომერს არ დაუთმობდა, ერთ ხრიკს მიმართა: „ნაშა“ რესტორანში დატოვა, თავად კი ზემოთ ავიდა და ადმინისტრატორ ქალბატონს პატარა ზომის ზეთის ღუმელი გამოართვა, რომელიც ძალიან მალე ხურდებოდა და ოთახს, ცივ ზამთარშიც კი კარგად ათბობდა.
ეს ღუმელი ბატონი სანდროს მისვლამდე მისი საწოლის ქვეშ ოსტატურად შენიღბა და ჩართო. შემდეგ კი ისევ რესტორანში დაბრუნდა. ჟორჟოლიანი რომ თავის ნომერში ავიდა, იქ გაუსაძლისი სიცხე იყო. სანდრომ ფანჯრები გააღო და საწოლში ისე დაწვა. მაგრამ უფრო დასცხა და იძულებული გახდა, ნომერი დაეტოვებინა და ღამე პლაჟზე გაეთენებინა. სარაულმა კი რუსის „ნაშასთან“ „იბაირამა“ და როცა გაისტუმრა, მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხა პლაჟზე ჩაძინებულ კოლეგას.
ეროსი მანჯგალაძე ასეთ კურიოზს ყვებოდა: „სამოცდახუთი წელია. მთელი თეატრის დასი მოსკოვში ვიმყოფებით. მხოლოდ არა გასტროლებზე, არამედ საკავშირო უწყებრივი თასის საფეხბურთო ფინალის სათამაშოდ. ჩვენ, არც მეტი და არც ნაკლები, უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) ცენტრალური აპარატის გუნდს უნდა შევხვედროდით, რომელიც იმ დროს უძლიერესი იყო. თანაც ფინალი მოსკოვში ტარდებოდა და ყველა გვეუბნებოდა, განწირულები ხართო. ჩვენ კი მოგება გვინდოდა და ერთ ეშმაკობას მივმართეთ.
წინა დღეს მოსკოვში თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და ჩვენი ბიჭები თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მე და რამაზ ჩხიკვაძე სასტუმროში მივადექით „დინამოელებს“. მიშა მესხი დავიმარტოხელეთ და ვთხოვეთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გრიმით ეთამაშა ჩვენი გუნდის შემადგენლობაში „კაგებეს“ წინააღმდეგ. მიშა არც კი შეყოყმანებულა, ისე დაგვთანხმდა. მეორე დღეს მიშას გრიმი გავუკეთეთ და რომ არ „დავმწვარიყავით“, ჩვეული მარცხენა თავდასხმის მაგივრად, დაცვის ცენტრში გავამწესეთ… ეს, რა თქმა უნდა, ნომინალურად. სინამდვილეში კი მიშამ „კაგებეს“ გუნდის წევრებს „მუსრი გაავლო“… ყველას ორ-ორჯერ ატყუებდა და ისე გაჰქონდა გოლები. მატჩზე მყოფი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ სემიჩასტნი ისე იყო აღფრთოვანებული ქართველი „მცველის“ თამაშით, რომ ყვიროდა: ბრავო, ბრავო, ონ იგრაეტ, კაკ მესხიო…
პირველი ტაიმი ხუთით ნული მოვუგეთ საბჭოთა მზვერავებს. შესვენებაზე კი მიშა გამოვცვალეთ და ის აეროპორტში გაემგზავრა და თბილისში დაბრუნდა. მეორე ტაიმში „კაგებემ“ შემოგვიტია და სამი გოლიც გაგვიტანა, მაგრამ ჩვენც შევუგდეთ ერთი და საბოლოო ჯამში 6:3 მოვუგეთ… მატჩის გმირი რომ მოიკითხეს, ჩვენ მას ის ფეხბურთელი წარვუდგინეთ, რომელიც განაცხადში გვყავდა და სემიჩასტნიმ ერთი კი შეხედა მას, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და მიხვდა თუ არა ტრიუკს, ვერ გავარკვიეთ. აი, ამგვარად გავაცურეთ საბჭოთა დაზვერვა, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ანალოგიური სამსახურები ვერაფერს უხერხებდნენ“.
ცნობილი რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე ასეთ „შემთხვევას“ იხსენებდა: „მოსკოვის დრამატულ თეატრში ოსტროვსკის პიესა „უმზითვო“ დავდგი, რომელიც წარმატებით მიდიოდა. ერთ-ერთი მორიგი სპექტაკლის ფინალური სცენაა – მამაკაცი რევოლვერს უმიზნებს ქალს, რომელმაც სიყვარულზე უარი უთხრა და ეუბნება: მე თუ არა, არც სხვას შეხვდებიო… ამის შემდეგ, კულისებში რეკვიზიტორმა ცარიელი ჰილზის კაფსულა უნდა გახეთქოს, რაც გასროლის იმიტაციაა და ქალი „მკვდარი“ ვარდება… თქვა მამაკაცმა ფრაზა და ქალი კაფსულის გახეთქვას ელოდება, რომ დავარდეს, მაგრამ „გასროლა“ არ ისმის. მსახიობებმა სამჯერ გაიმეორეს სცენა, მაგრამ რეკვიზიტორმა კაფსულა ვერ გახეთქა. ამ დროს დარბაზიდან ვიღაცამ დაიყვირა: ყუმბარა ხიე, ყუმბარაო… ამ რეპლიკამ ჰომერული სიცილი გამოიწვია, ფარდა დაიხურა და სპექტაკლი ჩაიშალა. მე გაცოფებული ვეტაკე რეკვიზიტორს.
– რა ჩემი ბრალია, ჰილზები სველი იყო და ამიტომ არ გასკდა, – თავი იმართლა მან, შემდეგ კი სხვა ტექნიკურ პერსონალს გადახედა და დაამატა, – ნუთუ ვერავინ მოვიფიქრეთ, რომ ელექტრიკს ნათურა გაეხეთქა ან მექანიკოსს ჩაქუჩი დაერტყა რკინაზე, თუნდაც ბუშტი გაეხეთქათ, ყველა ეს ხმა გასროლას ჰგავს. მსახიობი მიხვდებოდა, დავარდებოდა და სპექტაკლიც არ ჩაიშლებოდაო.
ცოტა კიდევ დავცოფე დასი და დავიშალეთ. შემდეგ საღამოს კვლავ იმავე სპექტაკლს ვთამაშობდით. ფინალურ სცენამდე ყველაფერი საუცხოოდ მიდიოდა, მაგრამ რეკვიზიტორმა კვლავ ვერ მოახერხა ჰილზის გახეთქვა. მსახიობი ქალი გასროლის მოლოდინშია, რომ წაიქცეს და სცენა დასრულდეს. უცებ, სამარისებურ სიჩუმეში ჩაქუჩის დარტყმა, ბუშტის გახეთქვა, ნათურის გატეხვა და კიდევ ხუთიოდე მსგავსი ხმა ერთდროულად გაისმა, ანუ ტექნიკური პერსონალის მთელმა შემადგენლობამ ერთბაშად სცადა რეკვიზიტორის დახმარება. მთავარი გმირები მოულოდნელად გაშრნენ, დარბაზიდან კი, სანამ ენით აუწერელი სიცილ-ხარხარი ატყდებოდა, ვიღაცამ წამოიყვირა, – გუშინ ხომ გითხრეს, ყუმბარა ხიეთო…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სპექტაკლი ზედიზედ მეორედ ჩაგვეშალა და ამის მერე მსროლელ მამაკაცს რევოლვერში „ხალასტოი“ ტყვიებს ვუწყობდით, რომ თავადვე გაესროლა“.
ბატონი რეზო ჩხეიძე ამ ისტორიას ხშირად იგონებდა: „ელდარის შესანიშნავ „შერეკილებს“ თავისი პროტოტიპი ჰყავდა და სახელს არ ვიტყვი, მაგრამ მას, როგორც „შერეკილებშია“, „ტრიფონია“ ვუწოდოთ. მოკლედ, გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში კინოსტუდიაში ერთი ტრიფონია მუშაობდა, რომელსაც ძალიან ვნებიანი ცოლი ჰყავდა და როდესაც ტრიფონია ქალაქიდან გადიოდა, ნახევარი კინოსტუდია „მარგალიტასკენ“ მიეშურებოდა ხოლმე. ისევე, როგორც ფილმში, რეალობაშიც ყველაფერი მოსწრებაზე იყო.
ერთ დღეს კინოსტუდიაში პარტიული კრება ტარდებოდა. ეს ისეთი ღონისძიება იყო, რომ ვერ გააცდენდი. ყველანი რომ შევიკრიბეთ, უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ტრიფონია კრებაზე არ იმყოფებოდა. გაირკვა, რომ ის კინოსტუდიის პარტკომს რაღაც საქმეზე ზესტაფონში გაეშვა. კრებას მოადგილე ატარებდა და მან გვითხრა: პარტკომი ცენტრალურ კომიტეტში გამოიძახეს და მოგვიანებით შემოგვიერთდებაო.
აბა, ტრიფონია ქალაქგარეთააო და დაიწყო „ჩალიჩი“, რომ როგორმე კრებიდან „მარგალიტასთან“ წასულიყვნენ. ვინ თავის ტკივილი მოიმიზეზა, ვინ – პანაშვიდი, ვინ რა და ვინ რა…. ერთი სიტყვით, პარტიული კრება განახევრდა და ყველანი „მარგალიტასკენ“ გაქანდნენ, რომ პირველები მისულიყვნენ. პარტკომის მოადგილემ კრება ბოლომდე პატიოსნად ჩაატარა. პარტკომი „ცეკადან“ აღარ დაბრუნებულა.
მეორე დღეს კი „მარგალიტას“ გაწბილებული თაყვანისმცემლები ყვებოდნენ, თუ როგორ იხილეს გვიან ღამით მისი სახლიდან გამოსული პარტკომი, რომელმაც ტრიფონია ზესტაფონში მიავლინა“.