საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მახათას მთაზე გუშინდელ ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელში გამგზავრებამდე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოკვლევის დასრულების შემდეგ თითოეულ ნიუანსში პირადად გაერკვევა და შესაბამისი რეაქციაც ექნება.
„ბუნებრივია, აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ. 12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა ეთერში ხარვეზებიოთ გადაიცა, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მოგვიანებით, საქართველოს პირველმა არხმა, რომელიც ტრანსლირებას ახდენდა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და ხარვეზის მიზეზები განმარტა:
“ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი”, _ განმარტეს მაუწყებელში.
განმარტებები გუშინვე გააკეთა პრემიერმაც. მახათას მთაზე გამოსვლიდან, დაახლოებით ორ საათში, ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სიტუაცია ახსნა.