მცდელობა იმისა, ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა, _ ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„უაღრესად სამწუხაროა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 მაისს, როდესაც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, წმინდა მახათას მთაზე საზეიმოდ აღინიშნებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე და ასევე ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტყუილი და სიცრუე. მცდელობა იმისა, რომ ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა.
მისი სიტყვით გამოსვლის დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ პრემიერის სიტყვები ისმოდა გაგრძელებულად, რასაც ჩემთვის აბსოლუტურად არ შეუქმნია ეს შთაბეჭდილება, მაგრამ გარკვეულ ადამიანებს აფიქრებინა, რომ პრემიერი თითქოს იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც არის სრული სიცრუე.
ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეუძლია, დარწმუნდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან პრემიერი წირვაზე იდგა, ყველა ერთად ვიყავით. მას იქ არც ერთი წვეთი ღვინო _ არც წირვის მსვლელობის დროს და არც წირვის შემდეგ არ მიუღია“, _ განაცხადა მამა გიორგიმ.
ამავე თემაზე: პრემიერი: გუშინდელი ტექნიკური ხარვეზის თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება