ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს, ომის ვეტერანი, ოზურგეთში მცხოვრები ანასტასია ლინინა-მჟავია 95 წლის ასაკში ჩვეული შემართებით, სიხარულით აღნიშნავს და ცდილობს, თანმხლები სევდა არავინ შეამჩნიოს.
ეროვნებით რუსი ქალბატონი, რომელიც ომის დაწყებისას 17 წლის იყო. 1942 წელს უკვე ომში, ვაჟკაცების მხარდამხარ გამნაღმველად იბრძოდა და ლენინგრადის ბლოკადის გარღვევას მათთან ერთად ცდილობდა. როცა ფაშისტთა თავდასხმა უკუაქციეს, ამბობს, რომ ეს უკვე გამარჯვების უტყუარი ნიშანი იყო.
_ რა გადაგვხდა თავს, ამის მოყოლა ენას არ ძალუძს _ ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელსაც ჩვეულებრივმა ადამიანებმა გაუძლეს და კაცობრიობის გადარჩენა შეძლეს ფაშიზმისგან. ცოცხლები თუ ვიყავით, ესეც არ გვჯეროდა, მეორედ დავიბადეთ, თუმცა, ჩემი სიყვარულის პოვნის შემდეგ, ჩემი მეორე სიცოცხლე საქართველოში დაიწყო… და დღესაც თქვენთან ვარ, _ გვეუბნება ომის მძვინვარებას გადარჩენილი მებრძოლი ქალბატონი.
ყველაფერი კი, ომის დასრულებისთანავე ასე დაიწყო _ ანასტასია ლინინა ტალინში სამუშაოდ გაუშვეს. აქ ის სამხედრო ხაზით, როგორც თვითონ ამბობს, უშიშროების გასაიდუმლოებულ ნაწილში მუშაობდა. მოხდა ისე, რომ სწორედ აქ შეხვდა თავის დიდ სიყვარულს, ოზურგეთელ შალვა მჟავიას, რომელიც ტალინში, ასევე, კურსებზე იმყოფებოდა. სიყვარულმა თავისით გაიკვლია გზა და ასე აღმოჩნდა საქართველოში, გურიანთელი ბიჭის ოჯახში.
_ დედამთილმა იმაზე მეტი დედობა გამიწია, ვიდრე ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ. საოცარ ადამიანებთან მოვხვდი, ოთხი შვილის დედა გავხდი და სითბოსა და სიყვარულში გადიოდა დღეები და წლები. დღეს ჩემს შვილიშვილებსაც შვილიშვილები ჰყავთ. მეუღლისა და შვილის დაკარგვის ტკივილს ვერაფერი გაანელებს, თუმცა, ცხოვრება გრძელდება და მე, ჩემი ნამრავლის უსაზღვრო ყურადღების გარემოცვაში, თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ. ყველას მადლობას გიხდით ჩემ მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, _ ამბობს ქალბატონი ანასტასია.
ჩვენთან საუბარს მისი შვილიშვილი თინიკო ბასილაშვილი განაგრძობს:
_ ბებიაჩემი საოცარი ქალბატონია, უძლიერესი, ძალიან განათლებული, სამაგალითო, უდიდესი გულშემატკივარი ყველასთვის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ამ ასაკშიც კი გამუდმებით კითხულობს, ეცნობა ყველანაირ ინფორმაციას, უყურებს ტელევიზორს და იცის, ვინ არის ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი. ჩემთვის ბებიაჩემი ის ქალია, რომლის დამსახურებაც არის, თუ რაიმეს წარმოვადგენ. ამ ასაკისთვის გასაკვირი მეხსიერება და აზროვნება აქვს დღესაც და ალბათ, სილამაზის კონკურსიც რომ მოაწყონ, მისი ასაკის მოხუცთა შორის, უსათუოდ გაიმარჯვებს, _ ღიმილით ასრულებს თინათინი და იხსენებს გადმოცემით თქმულს, თურმე, ბაბუაჩემმა ბებია ტალინიდან რომ ჩამოიყვანა და ოჯახის წევრები დახვდნენ მატარებელთან, ყველა განცვიფრებული დარჩა შლაპით და ვუალით მომავალი ულამაზესი ქალის დანახვით, რომელიც ყველას ისე გულთბილად მიესალმა და გადაეხვია, როგორც დიდი ხნის უნახავ საყვარელ ადამიანებს.
ანასტასია მჟავიას საბრძოლო დიდების ორდენის გარდა, მრავალი მედალი და ჯილდო აქვს მიღებული. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ამაყობენ სახელოვანი ბებიით და ცდილობენ, ყელაფერი ისე გააკეთონ, როგორც ქალბატონ ანასტასიას გაუხარდება.
_ მომავალ 9 მაისსაც გვესტუმრეთ, ქალბატონი ანასტასია აუცილებლად მხნედ დაგვხვდებათ, ბებია ჯერ ახალგაზრდული შემართებითაა და დიდხანს აპირებს, ფაშიზმზე გამარჯვება ჩვენთან და თქვენთან ერთად იზეიმოს. მას ასე უხარია და ასე მიაჩნია, რომ სანამ კაცობრიობა იარსებებს, ტირანიაზე გამარჯვება ყოველ 9 მაისს უნდა იზეიმონ, _ ამბობენ შვილიშვილები და შვილთაშვილები.