დღეს, დილიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, მოსახლეობამ ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი. ადგილობრივები გაზმომარაგების, წყალმომარაგების და სახნავ-სათესი ფართობების დაკანონებაში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
აქციაზე თავდაპირველად გურიის გუბერნატორის მადგილე, აკაკი შენგელია, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, ხალხმა დაჟინებით მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიძის მისვლა.
_არჩევნებზე, მაგი და სიორიძე რომ ჭიდაობდნენ, ხომ აგვავსო დაპირებებით. რამდენი ხალხი უნდა შევიკრიბოთ, რომ მოვიდეს? _ ამბობდნენ ჯუმათელები.
მალე შარაშენიძეც გამოჩნდა, რომელმაც ხალხს ერთად დასხდომა და მოლაპარაკება ურჩია. მოსახლეობის უკმაყოფილო, ხმამაღალი გამანათქვამების შემდეგ კი თავადაც ხმას აუწია და ზოგიერთისთვის ფსიქიატრის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. (?)
_ახლა ზოგიერთს საქმე გაუჩინეთ თქვენ, მოვილაპარაკოთ, შეუძლებელი არაფერია, _თქვა მან.
აქციაზე მყოფმა მოსახლეობამ მერს სათვალის მოხსნა და ისე საუბარი ურჩია:
_სათვალე მოიხსენი, ისე უნდა გელაპარაკოთ. თქვენსა და სიორიძეს შორის ბრძოლა რომ იყო, ხომ გახსოვს, რას შეგვპირდი? სახნავ-სათესი სუფსას მიაქვს, რად გვინდა გზა, გაზი, წყალი, თუ იმ გაზზე მჭადი ვერ გამოვაცხვე? დამთავრდა არჩევნები, სამი დღე დააყენეთ ტრაქტორი წყალში, თავი მოგვაჩვენეთ და დამთავრდა ეგ ამბავიც, _ უთხრა მერს ჯუმათის მცხოვრებმა ნანა დარჩიამ.
_უძინარი ვარ, ეგ ამბები მე თქვენზე უფრო მაღელვებს, _ თქვა შარაშენიძემ და სათვალე მოიხსნა.
ვრცელ სტატიას აქციის შესახებ „გურია ნიუსის“ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.