“ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი.
ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი“, _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“, „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება.
ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს.
არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას.
ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.