ახლა უკვე ძნელია იმის თქმა, კაბას უფრო ჰგავს ის თუ პერანგს, მაგრამ მას მშვენიერი სახელი და მდიდარი ისტორია აქვს.
ტუნიკა! – ის ჩვენთან ანტიკური წარსულიდან მოვიდა. სიტყვა „ტუნიკა“ პირდაპირ თარგმანში „სულის სამოსელს“ ნიშნავს. რომაელები და ბერძნები უბრალოდ კი არ იცვამდნენ ტუნიკას, არამედ სულსა და ხორცს აერთიანებდნენ ამით. განსხვავებულ ტუნიკას იცვამდა ტრიუმფატორი – ოქროს პალმებით მოქარგულს. ამ ტუნიკას განსაკუთრებულად უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ, ინახავდნენ იუპიტერის ტაძარში, კაპიტოლიუმში და მხოლოდ ტრიუმფის დღეს გამოჰქონდათ. მეომრის ტუნიკა მოკლე იყო. მოგვიანებით ტუნიკას სახელოებიც გაუჩნდა, მაგრამ რომაელებმა სიახლე თავიდან ცუდად მიიღეს.
იმპერატორმა ოქტავიანემ, რომელიც მორალის დიდი დამცველი იყო, წესად შემოიღო რამდენიმე ტუნიკის ერთმანეთზე ჩაცმა.
არაბმა დამპყრობლებმა ტუნიკას აღმოსავლურ ყაიდაზე შეუცვალეს იერი: მოქარგეს ძვირფასი ქვებითა და ორნამენტებით. ამ სამოსმა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქაშიც წარმატებით შეაღწია.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მარიანო ფორტუნიმ მოიგონა კაბა-ტუნიკა დაპლისული აბრეშუმისგან, რომელიც მოდის სამყარომ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნია. მეორე ნაბიჯი ტუნიკის სრულყოფის საქმეში 1966 წელს კუტიურიე მადამ გრემ გადადგა: „ვოგისთვის“ საგანგებო ფოტოსესიაზე ბარბრა სტრეიზანდი გრეს-ტუნიკაში იყო გამოწყობილი. სწორედ მაშინ დაბრუნდა ტუნიკა ჩვენს გარდერობებში ტრიუმფით.