თბილისში, ცენტრალური წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს მოსახლეობას კომპანია “GWP“ აუნაზღაურებს. კომპანიის გენერალური დირექტორი გამგებელთან ერთად ამ წუთებში მგალობლიშვილის ქუჩაზე იმყოფება. ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია. მაშველების მობილიზება ჟვანიას მოედანთან ახლოს დღეს გამთენიისას გახდა საჭირო.
დიდი რაოდენობით წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვარდა. დაზიანებულია სამი მანქანა – ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა, კიდევ ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა.
„იყო ძლიერი აფეთქების ხმა, გადმოვიხედე და მოდიოდა დიდი რაოდენობის წყალი. ჩემი მანქანა სადაც იდგა მანქანა აღარ ჩანდა. მთლიანად დატბორილია პარკინგი, მანქანების გამოყვანა მოასწრეს პარკინგიდან,“-ამბობს დაზარალებული მამუკა ხუტაშვილი.
”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანდა თუჯის მილსადენი. ირაკლი ბაბუხადია ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღუდგა, დანარჩენს კი 24 საათის მანძილზე მიეწოდება სასმელი წყალი.
„მოვუწოდებ მოსახლეობას ვისაც ზიანი მიადგა მოგვმართონ განცხადებით და სრულად ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს,“-განაცხადა ბაბუხადიამ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველები ტერიტორიას წყლისა და შლამისგან წმენდენ.
rustavi2.ge