ნუგზარ ჯუღელი:
„ერთ ჩვეულებრივ თბილისურ საღამოს „მოამბე“ უნდა წამეყვანა. გადაცემის დაწყების წინ ტექსტი საგულდაგულოდ მოვამზადე და რიგის მიხედვით დავაწყე. მოულოდნელად სტუდიაში ჩემი მეგობრები, ფეხბურთელები კახი ასათიანი და ვახტანგ ჭელიძე შემოვიდნენ. მთხოვეს მათთვის რამდენიმე წუთი დამეთმო. ვიუარე და გადაცემის შემდეგ დაგელაპარაკებით-მეთქი, – შევპირდი. „მოამბის“ ტექსტი გამომართვეს, დაათვალიერეს, უკან დამიბრუნეს და სტუდია დატოვეს.
დაიწყო გადაცემა. დავხედე ფურცლებს და სრული სერიოზულობით კითხვა დავიწყე:
– უნდა მოგახსენოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ რუსთაველი მეტალურგები თავგამოდებით იბრძვიან დასახული გეგმების გადაჭარბებით შესრულებისთვის. თქვენ ახლა კადრში ხედავთ მშრომელი მეტალურგების ოფლით დაღარულ სახეებს.
ეკრანზე ჩაის ბუჩქი გამოჩნდა. გამიშრა პირი. სასწრაფოდ მოვძებნე „ჩაის ფურცელი“ და რიხიანად ვამბობ:
– ჩვენი მეჩაიეები და მეციტრუსეები თავს არ იზოგავენ, რომ სოციალისტური შეჯიბრების გარდამავალი დროშა არავის დაუთმონ, ხედავთ ალბათ, თუ როგორ თავგამოდებით ირჯება თითოეული მათგანი ჩაის დუყებით გადამწვანებულ ბუჩქთან. შევხედე მონიტორს და კინაღამ გადავირიე: ვიღაც, ჩემი ცოდვით სავსე მეტალურგი უნიათოდ უჯაჯგურებს რკინის გრძელ კეტს ღუმელს. როგორმე უნდა გამოვასწორო სიტუაცია, თორემ ძალიან ცუდადაა საქმე.
– დიახ! – განვაგრძობ ტექსტის კითხვას, – მოწინავე მეჩაიე, სონია ლაგვილავა… იმ უნიათო მეტალურგმა კიდევ ერთხელ დაატრიალა კეტი ღუმელში და კინაღამ თვითონაც შეჰყვა.
ყველაფერი ნათელი იყო, რა მიხვედრა უნდოდა, რომ ჩემმა „მეგობარმა“ ფეხბურთელებმა „იხუმრეს“ და საგანგებოდ დალაგებული ფურცლები ამირიეს. კვლავ შევეცადე მდგომარეობის გამოსწორებას:
– თქვენ ახლა ისევ რუსთაველ მეფოლადეს ხედავთ, იგი თავგამოდ… შევხედე მონიტორს. ბოსლიდან ჯერ ძროხამ გამოყო თავი, მერე მისმა პირმშომ, პატარა ხბომ. ეკრანს „ტაბლიცა“ ააფარეს.