17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 32,5%-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 14 278-მა ამომრჩეველმა.
შუალედური არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, 17:00 საათისთვის აქტივობა მაღალია. 19 მაისის არჩევნებზე მთაწმინდაზე 17:00 საათზე აქტივობა 26,6% იყო.
ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ორი საჩივარი: ერთი ეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას და მეორე – N17 უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლის მონაცემების დამუშავებას.
ცესკოში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ თქვა, რომ უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით გამოითქვა პრეტენზიები, თუმცა ცესკო ამ პროცესს არ აკონტროლებს.
მათივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად ამომრჩევლის აღრიცხვა კანონდარღვევას არ წარმოადგენს.
ცესკოს მონაცემებით, 31-ივე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ცალკეულ უბნებზე გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. დაფიქსირდა უბნებზე არაუფლებამოსილი პირების მისვლა. კონკრეტყლად კი, მთაწმინდის N1 უბანზე სამგორის, კრწანისი და ვაკის ოლქებში რეგიატრირებული ამომრჩევლები მივიდნენ და ხმის მიცემა მოითხოვეს.
9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე
19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.