ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვება პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. მამუკა ბახტაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ვულოცავ ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვებას! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის.
ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რა სახის პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ხალხი და საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ არსებული სირთულეების გადალახვას,“- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
არჩევნებში გამარჯვება ლადო კახაძეს მედიასთან პირველმა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით კახაძემ მეორე ტური დიდი უპირატესობით მოიგო. “ქართული ოცნების” ოფისში განცხადებები პარტიის სხვა ლიდერებმაც გააკეთეს.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა უბნის შედეგები დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საბოლოო შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა დასრულდა. ყველა უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ მოიგო. მას ამომრჩეველთა 61.83%-მა დაუჭირა მხარი, შალვა შავგულიძეს კი 38.17%-მა.
ლადო კახაძემ 10 738 ხმა მიიღო, შალვა შავგულიძემ-6 630.
მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41,23% შეადგინა.