17 წლის ბიჭმა პოლიციის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. სწორედ მაშინ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა პოლიციის ავტომობილი მაშინ გაიტაცა, როდესაც გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. არასრულწლოვანი გადაჭარბებული სიჩქარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ მან მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნულის შესახებ განცხადება გაკეთდა შსს-ში.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული კ.წ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს გამთენისაას გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ. -მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ “ფორდ ტრანზიტს” შეეჯახა. კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, “qartli.ge”-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო”, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.