ოლივიერ რუსსო საპენსიო სააგენტოს მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატია, რომელიც, პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში დაიკავებს ადგილს.
ოლივიერ რუსსო 2011 წლიდან არის საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (co – CEO), რომლის უშუალო მოვალეობებში, ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შედის საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, საპენსიო აქტივების განთავსება და აქტივების მმართველების შერჩევა. საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აქტივების მიმდინარე მოცულობა 34 მილიარდ ევროზე მეტია.
ოლივიერ რუსსოს გააჩნია მმართველ თანამდებობებზე მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ბაზრებზე, მათ შორის, პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სიდნეიში. მას აქვს დამატებით 12 წლის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 7 წელიწადი, პარიზში, მაღალ თანამდებობაზე საფრანგეთის ხაზინაში და 5 წელიწადი სტოკჰოლმში – ეკონომიკური და ფინანსური მრჩეველი სკანდინავიის ქვეყნებში.
ოლივიერ რუსსო 2004-2006 წლებში იყო ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი საფრანგეთიდან. 1994 – 2003 წლებში, ბატონი ოლივიერ რუსსო მუშაობდა BNP Paribas – უდიდეს ფრანგულ საერთაშორისო საბანკო ჯგუფში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სიდნეიში. ამ საბანკო ჯგუფის აქტივები 2 ტრილიონ ევროს აჭარბებს და 200,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით. ამ თანამდებობებზე მუშაობისას მან მიიღო ძალიან დიდი და მრავალმხრივი გამოცდილება კაპიტალის ბაზრის პროდუქტების / ფინანსური ინსტრუმენტების, აქტივების მართვის და რისკების მართვის და კონტროლის მიმართულებებით. მის მიერ საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის წარმატებული მართვისას გამოყენებული არის ყველაზე თანამედროვე რაოდენობრივი მეთოდები და მოდელები, ასევე ინოვაციური მიდგომები.
ოლივიერ რუსსოს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში და ასევე, მაგისტრის ხარისხი სამართალში და ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში Ecole Nationale d’Administration (ადმინისტრირების ნაციონალური სკოლა), პარიზში. (R)