გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასო ჩიგოგიძემ ჟურნალისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენცია მოაწყო. შეხვედრას თეატრის მსახიობები, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავჯდომარე დავით დარჩია და დეპუტატები ესწრებოდნენ.
თემა იყო ახლახან ოზურგეთის თეატრის ბულგარეთსა და უკრაინაში ვიზიტის შედეგების გაცნობა.
ოზურგეთის თეატრი ამ საერთაშორისო საფესტივალო ევროპული ტურნედან გამარჯვებული დაბრუნდა.
ვასო ჩიგოგიძემ განაცხადა, რომ 16 მაისს, ოზურგეთის თეატრი სპექტაკლით „კოცნა“ ახალი ბულგარული დრამის ფესტივალში, შუმენი-2019“, მიიღო მონაწილეობა და მაყურებლის უდიდესი მოწონება და ემოცია დაიმსახურა.
_სპექტაკლის შემდეგ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთისა და შუმენის თეატრებს, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და შუმენის ახალი ბულგარული დრამატურგიის ფესტივალებს შორის.
მან თქვა ასევე, რომ ოზურგეთის თეატრის სპექტაკლმა ვრაცაში საერთაშორისო ფესტივალის ორი პრიზი მიიღო: ფესტივალის მთავარი პრიზი- „თანამედროვე ბულგარული დრამატურგის საუკეთესო ინტერპრეტაცია“. მსახიობმა თამარ მდინარაძემ – „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ სპექტაკლში „კოცნა, “ ბებიისა და გერმანელი ქალის როლების შესრულებისათვის.
ვასო ჩიგოგიძემ ბულგარეთიდან უკრაინაში გაგრძელებული ტურნეს შესახებ განსაკუთრებული ემოციით ისაუბრა. როგორც გურიაში ახსოვთ, ოზურგეთი და გენიჩესკი დაძმობილებული ქალაქები იყვნენ და კომუნისტურ ეპოქაში ჩვენს ხალხებს შორის ძმობისა და მეგობრობის ურყევი ერთობა ჩამოყალიბდა.
_ეს იყო სასწაული, საოცარი შეხვედრა, რაც გენიჩესკში მოხდა. მათი საზეიმო დახვედრა გულისამაჩუყებელი იყო. ტრადიციული პურითა და მარილით, კონცერტით დახვედრა ქართველთა და უკრაინელების მეგობრობის აღმნიშვნელ მემორიალთან შედგა. იქ იყო ქართველთა სათვისტომოს „საქართველოს გაუმარჯოს“ დროშით დახვედრა. დაასაჩუქრეს ჩვენი დელეგაციის თოთოეული წევრი. რაც გასაკვირი და გულისტკივილის მომგვრელი აღმოჩნდა, იყო გენიჩესკელთა მონათხრობი _ რომ ისინი წლების მანძილზე, არაერთხელ ცდილობდნენ ოზურგეთთან ძმობისა და მეგობრობის ხიდის აღდგენას, თუმცა უშედეგოდ.
_როგორც ადგილზე გვითხრეს, წინა ხელისუფლების დროს, გენიჩესკიდან რამდენჯერმე ქართველმა ქალბატონმა, წარმოშობით ოზურგეთელმა, ჩამოიტანა თურმე წერილი. მოქმედ გუბერნატორებსაც გადასცა სხვადასხვა დროს, თუმცა არსაიდან არცერთხელ რომ არ უპასუხეს, უფიქრიათ, რომ ოზურგეთელებს ამ მეგობრობის აღდგენა არ სურდათ. ახლა ეს ქალბატონი ქალაქ გენიჩესკში სანოტარო სამსახურში მუშაობს. რაკი ეს გავიგეთ, ჩვენ სასწრაფოდ დავეთანხმეთ მათ და შევპირდით, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუდგებოდნენ ამ საქმის მოგვარებას.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ბატონ ვასო ჩიგოგიძეს.
_ სახელებსა და გვარებს რა მნიშვნელობა აქვს. მეგობრობის აღდგენის მოთხოვნით, როგორც მათ გვითხრეს, ნაციონალური ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოგზავნეს წერილი. რამდენჯერმე ამ ქართველ, ოზურგეთელ ქალბატონს მიუტანია გუბერნიაში, თუმცა, საპასუხოდ მხოლოდ დუმილი სუფევდა. ეს უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ. ვესაუბრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კოტე შარაშენიძეს. ის დავაკავშირე გენიჩესკის წარმომადგენელს. შარაშენიძემ სთხოვა მას, რომ უმჯობესი იქნება, ჯერ თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, _ გვითხრა ვასო ჩიგოგიძემ და თქვა ისიც, რომ გენიჩესკელთა აქ ჩამობრძანების შემდეგ აუცილებლად მიეცემა ოფიციალური, განახლებული სახე ამ ორი ქალაქის ისტორიულ ძმობას და მეგობრობას.