შვეიცარიაში ქალები გენდერული თანასწორობისთვის იბრძვიან.
Euronews-ის ინფორმაციით, ისინი უთანასწორო ანაზღაურებისა და გენდერული უთანასწორობის პრობლემების აღმოფხვრის ნელი პროგრესის გამო გაიფიცნენ.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში პირველი პროტესტი ქალებმა 1991 წელს გამართეს. გაფიცვაში მონაწილეობას 500 000 ქალი იღებდა, გაფიცვიდან 5 წლის შემდეგ კი ქვეყანამ გენდერული თანასწორობის აქტი მიიღო.
კანონი, ქალებსა და მამაკაცებს შორის ჭეშმარიტი თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ადგილას დისკრიმინაციას და სექსუალურ შეურაცხყოფას კრძალავს.
თუმცა, პირველი გაფიცვიდან 28 წლის შემდეგ შვეიცარიაში ქალებს იგივე მოთხოვნებით გამოდიან.
ქვეყნის ფედერალური სტატისტიკის ოფისის ინფორმაციით, ქალებს მსგავს პოზიციაზე დასაქმებულ კაცებთან შედარებით 19.6%-ით დაბალი ხელფასი აქვთ.