დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ აბიტურიენტებს შეხვდნენ.
პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი პროგრამების შესახებ, თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის. ასევე, თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის მიხედვით, მობილობების მაჩვენებლი ყოველ წელს უკეთესობისკენ იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში აქვთ საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს, სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება.
_ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება შეცვალოთ უკეთესობისკენ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ.
_მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან შეხვედრებს, _ გვითხრა მან.