წინა საუკუნის 80-იან წლებში ქართველ გულშემატკივრებს შორის ერთი ისტორია ვრცელდებოდა – კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა ერევანში, „არარატის“ თაყვანისმცემელი კოლეგები საჯაროდ შეარცხვინაო.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ ორ გუნდს და მათ თაყვანისმცემლებს შორის ყოველთვის განსაკუთრებული „ურთიერთობა“ არსებობდა. ვაჟა აზარაშვილმა პოპულარული სიმღერა „დინამო-დინამო“ 1976 წელს, თბილისელების მიერ საბჭოთა კავშირის თასის აღების შემდეგ დაწერა.
იმ შეხვედრაში „დინამოელებმა“ ერევნის „არარატი“ გაანადგურეს – 3:0. სომხებს ეს სიმღერა მოსმენილი კი აქვთ, მაგრამ მისი შექმნის ჭეშმარიტი „ისტორია“ ალბათ არ იციან. ერთხელაც ბატონი ვაჟა ერევანში დაპატიჟეს.
„ერევანში დაგვპატიჟეს არამ ხაჩატურიანის 100 წლისთავზე. მოგეხსენებათ, იგი წარმოშობით თბილისელი იყო და 18 წლის ძმამ წაიყვანა მოსკოვში. სომხები დიდებულად შეგვხვდნენ: მოაწყეს ქართული, რუსული და სომხური მუსიკის კონცერტი. მერე წაგვიყვანეს რაზდანზე – კარგ რესტორანში. ქეიფის ეშხში რომ შევედით, იმათ დაიწყეს: ჩვენ გვახსოვს, რომ ახალ გახსნილ სტადიონზე აქ პირველად თბილისის „დინამომ“ მოგვიგო და ბურთი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანაო. მე ვუთხარი, – ონ მოი დრუგ! მერე ილია დათუნაშვილის 5 გოლი გაიხსენეს „არარატის“ კარში. მე ვუთხარი, – ერთ ტაიმში შეაგდო, ონ ტოჟე მოი დრუგ! აღარ ვუთხარი, „არარატს“ რომ მოვუგეთ 3:0 მოსკოვში, მაშინ დავწერე „დინამო“-მეთქი“. – იხსენებდა ბატონი ვაჟა.