რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია რამდენიმე წუთში გაიხსნება. სხდომას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი წაიყვანს.
რუსი დეპუტატი, რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას, აცხადებს, რომ საქართველოში დისკომფორტს არ გრძნობს.
„არა, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა, დისკომფორტი არ მაქვს“, _ აღნიშნა გავრილოვნმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 19 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.
ასამბლეის სესია, გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა.
იქ მისულ გავრილოვს, მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციით შეხვდა და მის ჩამოსვლას სამარცხვინო უწოდეს.
აღსანიშნავია, რომ გავრილოვთან ერთად საქართველოში სხვა რუსი დეპუტატებიც არიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ.
თუმცა, ეს ქართველი დეპუტატებისთვის პროტესტის მიზეზი არ გამხდარა, განსხვავებით უკრაინის ელჩისგან _ იგორ დოლგოვმა გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა. ელჩის განცხადებით, ის არ ესწრება გავრილოვის სიტყვით მიმართვას.
„მე მხოლოდ უკრაინის ორთოდოქსული ეკლესიის სურვილზე გავაკეთებ კომენტარს. ყველა უკრაინელს სურს საკუთარი ეკლესია და რაც ვიცით და რაც მივიღეთ, ეს არის მკაცრი წინააღმდეგობა მოსკოვის მხრიდან“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსეთი თავმჯდომარეობს, უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება წევრებზეა დამოკიდებული, ვინ იმსახურებს პრეზიდენტობას.
„რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები და დღესაც აგრძელებს ბრძოლას. დღეს ჩვენ გვყავს ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი სამხედრო. ეს არის რუსეთი ჩვენთვის. ძალიან მარტივია, რაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანული რელიგია და ეკლესია არის მშვიდობისა და მშვიდობიანი არსებობისთვის და არა ტერიტორიების ოკუპაციისთვის. სულ ეს არის. მე მეტი კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.