კონტრაქციის შესახებ პირველად მესმის და მსგავსი ღონისძიებები საერთოდ არ არის საჭირო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მსგავსი აქციები მხოლოდ ხელისშემშლელია, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს ის.
„მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს მინდა, ადამიანური მადლობა ვუთხრა, ასევე მინდა, ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ყველა ერთად ვცდილობთ, მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ გვიშლის ხელს, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს. მინდა, გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, მსგავსი აქციები არ არის საჭირო. ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიპოვით გზას და გვექნება საშუალება, ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ვილაპარაკოთ, არამედ შევძლოთ კონსტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბრები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთხოვო თითოეულ ადამიანს, რომელიც მსგავს ღონისძიებას აორგანიზებს, გადაიფიქროს, არ არის ეს საჭირო“- განაცხადა გახარიამ.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს საღამოს შს მინისტრის მხარდაჭერი აქცია გაიმართება.