რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში 29 წლის ნუგზარ კუკულაძემ საკუთარი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ძუ მგელი მოკლა.
„ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფერმის სიახლოვეს მტაცებელი შევნიშნე, მანამდეც არაერთხელ დამიგლიჯა საქონელი და საკმაოდ დიდი ზარალიც განვიცადე. ახლა ორი დღე ვდარაჯობდი“, _ ამბობს ახალგაზრდა მონადირე, რომელსაც მგლის მოკვლის სპეციალური ნებართვა აქვს.
მისი ინფორმაციით, ლანჩხუთში სულ 11 მონადირეს აქვს აღებული მგლის მოკვლის ნებართვა.
ნუგზარ კუკულაძის თქმით, ბოლო პერიოდში მტაცებლის მომრავლებით სოფელი ძალიან შეწუხებულია.
„ყველა შეწუხებული ვართ. საკმაოდ მომრავლებულია მტაცებელი. მგელს წესი აქვს _ მარტო არ დადის და როგოც ჩანს, ჩემ მიერ მოკლულ მგელთან სხვაც იყო, რადგან გვერდით მდებარე ფერმის ეზოშიც გამოჩნდა და ძროხა შეჭამა“, _ ამბობს ნუგზარ კუკულაძე.
როგორც ჩიბათში მაცხოვრებლები ამბობენ, ბოლო დღეებში, ღამის საათებში დასახლებული პუნქტის სიახლოვესაც ხშირად ესმოდათ მგლის ყმუილი.
„ეს დღეები ღამღამობით საკმაოდ მკაფიოდ და ახლოდან გვესმოდა მგლის ყმუილი. ეზოს უკან სასაფლაო და მიტოვებული ჩაის პლანტაციებია. ვფიქრობდით, იქ ხომ არაა სადმეო. შეშინებულები ვიყავით, ეზოში არ ჩამოვიდეს და საქონელი არ დაგლიჯოსო. მერე კი გავიგეთ ჩვენს თანასოფლელს მოუკლავს ფერმაზე“, _ ამბობენ ადგილობრივები.