ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალს შორის არსებული გზის მონაკვეთი მარადიულ პრობლემად რჩება ამ სოფლების (და არა მარტო ამ სოფლების) მცხოვრებთათვის თუ ნებისმიერი სტუმრისთვის.
განსაკუთრებით დაზიანებული მონაკვეთი გაღმა დვაბზუს ცენტრიდან იწყება და ნასაკირალამდე ერთ კილომეტრსა და სამას მეტრს შეადგენს. მასზე მოძრაობს, როგორც ნებისმიერი სახის ტრანსპორტი, ისე სკოლისა და საბავშვო ბაღის ავტობუსები, რომლითაც ბავშვები და პედაგოგები გადაჰყავთ.
როგორც აქაურები ამბობენ, რაც თავი ახსოვთ, გზა პრობლემურია და მოუწესრიგებელი:
“გზის ძირითად ნაწილზე ასფალტიც არასდროს დაგებულა, მოხრეშილია, მაგრამ მთელი გზა ყოველ ნაბიჯზე ორმოებითაა სავსე. წვიმის დროს გუბეებით გადაჭედილი ველი უფრო გეგონებათ, ვიდრე გზა. ამ გზაზე სიარული სასჯელია, დაკავშირებულია მკვეთრ დისკომფორტთან, დროის უმიზნო ხარჯვასთან და ადამიანის ნერვულ-ფსიქიკურ გაღიზიანებასთან”, _ გვეუბნებიან აქაურები.
_ 70 წლის ვარ. რაც თავი მახსოვს, აქ ასფალტი არ გვინახავს, არც ვინმეს გაუკეთებია. მოხრეშეს ადრე და მერე, დროთა განმავლობაში, ორმოებით გაივსო. რამდენი წელია, ვითხოვთ გაკეთებას. სიმართლე გითხრათ, არც ერთხელ არავის უთქვამს, არ გავაკეთებთო, მაგრამ არც გაკეთებაზე უფიქრია ვინმეს. ცარიელი დაპირებაა, რომელიც ასი პროცენტით ტყუილს შეიცავს და სწორედ ამ გზას ეხება. აბა, სხვაგან, მგონი, სოფელი არ დარჩა ჩვენს რაიონში, რომ გზა გაუკეთებელი იყოს. ქალაქთან ასე ახლოს ვართ და რა გახდა ეს დვაბზუს გზა?! მარტო დაპირება რად გვინდა, ამას ხომ ჯობს, გვითხრან, არ ვიცით, როდის გავაკეთებთო? _ გვითხრა დვაბზუს მცხოვრებმა იზოლდა მამალაძემ.
თინა ჭიჭაღუა, დვაბზუს მკვიდრი: “ვინ მოთვლის, რამდენჯერ დავსვით ამ გზის რეაბილიტაციის საკითხი. რაც თავი მახსოვს, ხვეწნა-მუდარით დავდივართ. ამ წლის დასაწყისში, ოზურგეთის საკრებულოში, როცა “ღია კარის დღე” მოაწყვეს, მე პირადად ვიყავი და პრობლემის შესახებ ვისაუბრე. დაპირება, იცოცხლე, არ მოგვკლებია, მაგრამ შედეგი რაა, ნახეთ _ არც არაფერი. გზა, რომელიც დაფლეთილია და ორმოებითაა სავსე, უარესად როგორ უნდა გაფუჭდეს, არ ვიცი. ერთი თვის წინ, ჩვენი თხოვნით, აქ გურიის გუბერნატორი, ნასარაია გვესტუმრა. უნდა ითქვას, რომ როგორც კი ვითხოვეთ მისი მოსვლა, მაშინვე გვეწვია და ამისთვის მადლიერება რომ არ გამოვხატო, არ შეიძლება. შეგვპირდა, რომ მალე დავიწყებთ გაკეთებასო და რა ვიცი _ იქნებ, მისი სიტყვა მაინც აღმოჩნდეს სარწმუნო. ახლა ასე გადავწყვიტეთ, მედიის საშუალებით მივმართოთ ხელისუფლებას. ეს გზა დაგვრჩა _ აბა, განცხადებით სიარული ან ღია კარის დღეზე სირბილი არ დაგვკლებია”.
ირმა სანიკიძე, დვაბზუს მკვიდრი: “ეს გზა დასაბამიდან უვარგისია, მგონი. რა გახდა ამის გაკეთება, მართლა გვიკვირს. შიდა გზის სახელით ცნობილი მონაკვეთი გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა და მარად მოუწესრიგებელია.
მივალთ, დაგვპირდებიან… წამოვალთ და არაფერი… კი არის ყველაფერი ძველებურად. გუბერნატორი გვესტუმრა ახლახან და იმედია, საკითხი დაიძვრება. კი, ბატონო, კარგია დაპირება, მაგრამ აგერ 70 წლის ქალბატონი რომ ამბობს, რაც თავი მახსოვს, ამ გზის პრობლემა დგასო, გამოდის, რომ ახალგაზრდებმაც ამ ასაკამდე უნდა იცადონ და იხტუნონ ამ ორმოებში? ამდენი ხნის მანძილზე ვერავინ როგორ ვერ გაიგო სოფლის ხმა, როცა სულ ვეხვეწებით ყველას”.
როზეტა სკამკოჩაიშვილი, სოფელ დვაბზუს წარმომადგენელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში: “სერიოზული პრობლემაა. მონაკვეთი კილომეტრნახევრიანიც არ არის, თუმცა, მასზე გავლას იმდენი დრო სჭირდება, კეთილმოწყობილ გზაზე ხუთ კილომეტრს გაივლის კაცი. მუნიციპალიტეტის მერიაში ამის შესახებ იციან. არის დაპირება და იმედია, მალე მოხდება გზის რეაბილიტაცია. ხალხი გამუდმებით გვსაყვედურობს და უფრო იმიტომ ღიზიანდებიან, ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ დაპირებით რატომ გვკვებავენო. ერთი თვის წინ გუბერნატორი ეწვია სოფელს და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ესაუბრნენ დვაბზუელები. რაკი ის საქმის კურსშია, იმედი მაქვს, ახლა მაინც გაკეთდება რაიმე.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და დვაბზუს მოსახლეობის მომართვის შესახებ ჰკითხა, მერიის პრესსამსახურიდან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: “გაღმა დვაბზუსა და ნასაკირალს შორის არსებულ ამ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია ნამდვილად იგეგმება, ოღონდ, ჯერ სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციებია მოსაწესრიგებელი. კონკრეტულ ვადებს ვერ დაგისახელებთ, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ შეპირება, მიწისქვეშა სამუშაოების მოწესრიგების შემდეგ მალე დაიწყება გზის რეაბილიტაციის პროექტის გახორციელება”.