როგორც „გურია ნიუსი“ წერდა, სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც თავად გვითხრა, მან განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. თუმცა, „გური ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეწირულის წასვლა სააგენტოს უფროსის მხრიდან ზეწოლის შემდეგ „ნებაყოფლობითი წასვლა“ იყო, რაც ჩვენს ქვეყანაში არავის უკვირს. თუმცა, გურიაში დიდია ინტერესი შეწირულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ჩვენი ინფორმაციით, შეწირული სოფლის მეურენობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უნდა შეხვედროდა. წყაროს თქმით, შეწირულს გადაწყვეტილი ჰქონდა მინისტრისთვის ეთქვა სიმართლე.
კითხვაზე, შეხვდა თუ არა მინისტრს და რა დასკვნა გამოიტანა შეხვედრიდან, შეწირულმა დაგვიდასტურა, რომ ის შეხვდა ლევან დავითაშვილს, რომელიც გაკვირვებული დარჩა, როცა მინისტრს ის სხვა, უკეთეს სამსახურში გადასული ეგონა და სწორედ ამ მიზნით დატოვა სამსახური. შეწირულისვე თქმით, მას მინისტრი შეჰპირდა, რომ მისი გათავისუფლების საკითხს შეისწავლის.
„გურია ნიუსი“ ასევე ესაუბრა სეს-ის უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ შეწირული საკუთარი სურვილით წავიდა, როგორც მას ინფორმაცია აქვს, სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ვისგან აქვს ეს ინფორმაცია, ჩეკურიშვილმა ვერ გვითხრა და მოკლედ გვიპასუხა, _ „როგორც გავიგე“.
ჩეკურიშვილმა სრული ჭორი და ტყუილი უწოდა საწვავის ქურდობის ფაქტებს და სხვა დარღვევებს, რასაც გასულ წელს აუდიტი არკვევდა სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში და მძღოლები რომლებმაც არ აღიარეს ქურდობა, სამსახურიდან გაუშვეს, ვინც აღიარა _ დატოვეს!
_ ეს ყველაფერი ჭორია და სიცრუე. მე ძალიან მიყვარს გურია და ვწუხვარ, ასეთი ამბები რატომ ვრცელდება. ჭორიკანას არ ვუწოდებ მე გურულებს, ვიმეორებ, ძალიან მიყვარს ეს მხარე, ეს ხალხი, მაგრამ დასანანია, რომ ასეთი ამბების გავრცელება ხდება, ეს არის ჭორი და სიცრუე, _ გვითხრა ჩეკურიშვილმა.
საინტერესო ინტერვიუს ამ თემაზე ვრცლად ჩვენი გაზეთის უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.