12 ივლისს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ საკონფერენციო დარბაზში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, ტურისტული კონფერენცია _ ,,ზღვიდან მთამდე“ გაიმართა.
კონფერენცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა გახსნა და ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ტურიზმის სფეროში არის დაგეგმილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გურიაში მხოლოდ შავიზღვისპირეთით კი არა, მასთან ერთად, მთით უნდა დავაინტერესოთ ყველა ტურისტი და ეს ერთგვარი ტანდემი, ჩვენს მხარეში უდიდეს ეკონომიკურ წარმატებას და რეგიონის, როგორც ტურისტული ზონის, პოპულარობას მოიტანს.
_ მინდა მოვამზადოთ ისეთი ტურისტული პაკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა დამსვენებელს ზღვიდან მთაში და პირიქით, იმოგზაუროს, _ თქვა მამეშვილმა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ვრცლად ისაუბრა ყველა იმ ტურისტულ შესაძლებლობაზე, რაც გურიას გააჩნია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ყველამ საკუთარი წვლილი უნდა გაიღოს.
კონფერენციის მონაწილე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა დისკუსიის რეჟიმში ისაუბრეს, როგორც პრობლემებზე, ისე მიღწეულ შედეგებზე და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ამ კონფერენციის მოწყობა, რაც, მათივე თქმით, საქმეში წარმატებისთვის დაეხმარება.
კონფერენციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი თინათინ ტყეშელაშვილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყველამ მოიწონა იდეა, მომზადდეს ტურისტული პაკეტი, რომელიც ტურისტებს ზღვიდან მთისკენ და პირიქით, მთიდან ზღვისკენ ამოგზაურებს. აქვე თქვეს, რომ ბოლო წლებში ურეკი-შეკვეთილში 100 000-მდე დამსვენებელი ჩამოდის, რადგან აქ არსებული მაგნიტური ქვიშები უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საშუალებაა.