“ლანჩხუთის პარკიდან სკამები გაქცეულა! დღეს მომინდა იქ დაჯდომა, ვიდექი შუა პარკში და ვატრიალებდი თავს “კანარეიკასავით”, _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი მაცაცო ბურჭულაძე.
ამ პოსტის ქვემოთ გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მაცაცო ბურჭულაძე ერთადერთი არაა, ვინც ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში სკამების დეფიციტს უჩივის. როგორც ირკვევა, პარკში სკამების სიმცირით სხვა ადგილობრივებიც არიან შეწუხებულები, მით უმეტეს, ზაფხულის ცხელი დღეების ფონზე. მეტიც, ზოგიერთ მათგანს სიტუაციის გამოსასწორებლად საკუთარი ვერსიაც აქვს:
“გულზე რომ მიგდიოდეს, ჩამოსაჯდომად სკამს ვერ იპოვი, მიქვესკნელებული აქვთ სადღაც”;
“მეც ასევე”;
“მეც შევამჩნიე”;
“კი, გუშინ მეც გაკვირვებული ვეძებდი, სად წავიდა სკამები-მეთქი”;
“ჩვეული ამბავია ეგ, რა გიკვირს?! პარკიც რომ არ გარბის, ეგ უფრო გასაკვირია”;
“საერთო (სახელმწიფო) საკუთრების ტრაგედიაზე” რაიმე გსმენიათ? დაგუგლეთ და პრობლემის სათავეს მიაგნებთ”;
“ახლა დაინახე? რამდენიმე თვეა, შესაკეთებლად წაიღეს!”
“დაცემენტება უნდა სკამებს, თორემ ყველა მის ჭკუაზე დაათრევს”;
“მართალია, რომ დასხდებიან, მერე ფეხების შემოსაწყობად მეორეს მიიდგამენ”;
“შემოაწყვე, შვილო, მარა, რომ წახვალ, დააბრუნე თავის ადგილზე, რა იქნება?!”
“ჰოდა, ვეღარ იზამენ, რომ ჩააცემენტონ, მარა ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა ეტყობა”;
“რა ღირს ამისთანა?”
“ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანათი”;
“ჰოდა, ჩავაბეტონოთ-მეთქი, ვიხვეწები”;
“მართლაც უნდა ჩააბეტონოთ. თითო სკამი სასრიალოებთან უნდა ჩაბეტონდეს. ბოდიში, მარა ნადირები არიან ზოგიერთები”.
არიან ისეთები, რომლებიც ლანჩხუთის პარკში შექმნილ პრობლემას ჩვეული გურული იუმორით უყურებენ და საკუთარ ვერსიას გვთავაზობენ, თუ სად შეიძლება იყოს პარკიდან “გაქცეული” სკამები:
“კარგა ხანია, თავშესაფარი ითხოვეს”;
“ჩემთან არ მოსულან. ნეტავ, ვის ესტუმრნენ? მოძებნეთ სახლებსა და ეზოებში, იქნებ, იპოვოთ”;
“ეტყობა, მიტინგზე წავიდნენ”;
“ალბათ, სამუშაოს ეძებენ”;
“ეტყობა, რუსთაველზე მიტინგზე არიან, ეს რაიონი ღარიბია და ცოტა ფულს გავაკეთებთო”.
“ბახმაროში წავიდნენ დასასვენებლად. ალბათ, შეწუხდნენ სიცხით”.
სინამდვილეში, რა ხდება და რატომაა ცენტრალურ სკვერში სკამების დეფიციტი ამის გარკვევას “გურია ნიუსი” ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, დავით წულაძესთან შეეცადა:
“შესაკეთებლად წავიღეთ, ნაწილი დამტვრეული იყო. შევღებეთ, შევაკეთეთ და დავაბრუნეთ ადგილზე”, _ გაგვიმარტა წულაძემ და ისიც დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, ზოგიერთს სკამების “გაქრობის” პარალელურად, ის სიკეთეებიც შეემჩნია, მისი სამსახური რომ აკეთებს.