დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებას, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
_ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს, _ თქვა გორდელაძემ.
თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და სხვებმა იმსჯელეს.
_ სინამდვილეში არ უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით, მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შესატანად. მერიას, პირველ რიგში, თავის დებულებაში უნდა წარმოედგინა ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ამ საკითხზე რამდენჯერმე იმსჯელეს.
_ ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვიმსჯელია. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, _ გიორგი ღურჯუმელიძემ.
როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულების მე-40 მუხლის მიხედვით, მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, რაც მერმა არ გააკეთა.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ სიტყვა ითხოვა და ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, რაზეც დიდია მოსახლეობის ვნებათაღელვა.
_ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა, სისხლი დაიღვაროს. კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან.
დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით.
_ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია _ მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი, აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია, სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.