ბიძინა ივანიშვილის მიერ აწარის ტელევიზიის შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება არხის დისკრედიტაციას”, აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის ტელევიზიამ გააკეთა.
”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს მაღალპროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით. ამას ჩვენი აუდიტორიაც დადებითად აფასებს და სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რაც კარგად აქვს გააზრებული მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში,”– ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის ტელევიზიას “ნაციონალური მოძრაობისა” და “რუსთავი 2-ის” ფილიალი უწოდა. “სად გაიზარდე, შვილო?” “დაწყნარდი, ნუ უზრდელობ”, “თუ გაჩუმდები, შეიძლება დაგასმევინო კითხვა”, _ ამ სიტყვებით მიმართა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, რომელიც მას გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ეკითხებოდა.