“რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა. შესაბამისი განცხადება ხალვაშის ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა უწყებაში ცოტა ხნის წინ შეიტანა, აღნიშნულის შესახებ ბარაჩაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს დოკუმენტები აქვს გაყალბებული და იმით ცდილობს ქონებრივი უფლების მიღებას.
„დღეს განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს.“– განაცხადა ბარაჩაშვილმა.
თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტები, რომელიც 2010 წელს გაფორმდა და რომელშიც საუბარია, რომ ხალვაში რ2-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და ტელეკომპანიის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, ნამდვილია, თუმცა ხალვაში ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად სამხარაულის ესქპერტიზის ბიუროში არ მიდის.