ირაკლი ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოში მივიდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოკითხავენ. მან უარი თქვა შსს-ში გამოკითხვაზე და დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას. ოქრუაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით დაიკითხება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა კითხვებს დაუსვამენ დღევანდელ დაკითხვაზე. როგორც ოქრუაშვილი განმარტავს, ამ ყველაფრის მიზანი ოპოზიციის დისკრედიტაცია და არსებული საპროტესტო მუხტის შეწყვეტაა, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლება ამას ვერ მიაღწევს.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა შეკითხვები ექნებათ. შესაბამისად, პასუხებსაც ვერ გეტყვით. პირველი, თუ ვინმე არის დასაკითხი, ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მოიტყუა, თითქოს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, 20 ივნისის ღამეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ოქრუაშვილმა.
შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ირაკლი ოქრუაშვილი სამინისტროში გამოკითხვაზე 21 ივნისს იყო დაბარებული, თუმცა, არ გამოცხადდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სურდა, დაკითხვა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შემდგარიყო. იმავე დღეს, ირაკლი ოქრუაშვილმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა, რომ ვინაიდან ის უცხოეთში მიემგზავრებოდა დაკითხვის თარიღი და დრო მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩანიშნულიყო.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.