„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ.
დვალსა და აქიმიძეს დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა ნარჩემაშვილი და გედევან ფოფხაძე შეხვდებიან. ამ შეხვედრას არ დაესწრებიან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.