„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს და და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინეს. პოლიციის მთავარი სამმართველოდან მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს.
„ამ წუთში დასრულდა ბრალის წარდგენა. ირაკლი ოქრუშავილს პოზიცია არ შეუცვლია. გუშინაც გასაჯაროვდა მისი პოზიცია. წერილი გამოვიტანე, ნახეთ. რაც შეეხება მუხლს, ეს არის სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას – ამაში სდებენ მას ბრალს. დანაშაულს, რა თქმა უნდა არ აღიარებს”,-განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ დღეს ჩაინიშნება.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.