“ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყველა ფინანსური დავალიანება გადავიხადოთ”, _ ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „სტერეო პლუსის“ განცხადების პასუხად განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
პაატა სალიას თქმით, ხვალ, ღამის 12:00 საათზე „რუსთავი 2“ არ გაითიშება და მაუწყებლობას განაგრძობს.
ციფრული ოპერატორის „სტერეო პლუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა 1-ელ აგვისტოს სამ არხს: „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – აცხადებენ „სტერეო პლუსში“.
“სტერეო პლუსი” საქართველოს მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს.