სანდო წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი ინიშნება. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიშის დეიდაშვილია და ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მისი ძალისხმევით ხერხდება ეს საქმე.
„გურია ნიუსმა“ სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვნელმა თეა შველიძემ გვითხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებს.
სამაგიეროდ, თითქმის დაგვიდასტურა ინფორმაცია სამმართველოს სპეციალისტმა მანანა ერქომაიშვილმა.
_ ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით. მე თვითონ დაგირეკავთ.
_ ქალბატონო მანანა, სანდო წყაროს ინფორმაციით, თქვენ კოტე შარასენიძის ძალისხმევით ინიშნებით. მართალია ეს? ადასტურებთ თუ არა?
_ კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი რომ ვარ, ამიტომ არ მნიშნავენ, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში. მე გაცილებით ადრე ვმუშაობდი სისტემაში და ეს აქ არ წყდება, მუნიციპალიტეტში, თბილისი წყვეტს, _ „აგვიხსნა“ ერქომაიშვილმა.