“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა და აღნიშნა, რომ ახალი პრემიერი ცვლილებებს განახორციელებს.
საგანგებო ბრიფინგზე გახარიამ მხოლოდ ის თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნად გადადის, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს.
სხვა დეტალებზე გახარიას არ უსაუბრია, თუმცა, “გურია ნიუსის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება გუბერნატორებს.
ჩვენი წყაროს თქმით, გახარიას, რეგიონებში, საკუთარი გუნდი უკვე შერჩეული ჰყავს და მათ შორის ნამდვილად არ არის გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, რომელიც უშუალოდ მამუკა ბახტაძის კადრი იყო.
თუმცა, ნასარაიას, დღეს ამის აღიარება აღარ სურს და ჩვენთან საუბრისას, “მამლის ყივილამდე” უარყო, რომ იგი ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი იყო და ფიქრობს, რომ თანამდებობა არ უნდა დატოვოს:
_ რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა? _ ამბობს ნასარაია, რომელიც მამუკა ბახტაძემ გურიის გუბერნატორად ერთი წლის წინ დანიშნა.
_ ბატონო ზურაბ, ახალი პრემიერი წარადგინეს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით თავისი გუნდით მოდის და ამ გუნდში თქვენ არ ხართ…
_ როცა პრემიერს შევხვდებით და გვეტყვის, მას შემდეგ გვეცოდინება ვინ რას აკეთებს.
_ თქვენ ხომ ბახტაძის კადრი იყავით, რომელიც უკვე აღარ არის მთავრობაში. ფიქრობთ, რომ მისი მხარდაჭერის გარეშეც იქნებით გუბერნატორი?
_ რას ნიშნავს ამის კადრი, იმის კადრი. ჩვენ ვართ სახელმწიფო მოხელეები.
_ და მამუკა ბახტაძის კადრი, მისი გუნდის წევრი არ იყავით?
_ კადრი არ არის სწორი. არაწორად სვამთ საკითხს.
_ ბახტაძის გუნდის წევრი არ ყოფილხართ?
_ ყველა ვართ სახელმწიფო მოხელეები, როცა ვასრულებთ პოლიტიკურ თანამდებობას.
_ ეგ გავიგეთ, მაგრამ ბახტაძის გუნდში არ ყოფილხართ?
_ როდესაც იქნება პრემიერთან შეხვედრა, როდესაც მოხდება გასაუბრება, იქ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.
_ ის რომ მამუკა ბახტაძემ რკინიგზიდან წამოგიყვანათ, გურიის გუბერნატორად დაგნიშნათ და გპატრონობდათ გურიისთვის უცხო ადამიანს უკვე სამარცხვინოა თქვენთვის?
_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ჩვენ ვართ სახელმწიფო მოხელეები და ვასრულებთ სახელმწიფო დავალებებს.
_ ამდენ ხანს არ უარყოფდით,რომ ბახტაძის გუნდის წარმომადგენელი იყავით და ახლა, როცა პრემიერი აღარ არის,
ამის აღიარება სამარცხვინო გახდა?
_ მე ვასრულებ სახელმწიფო მოხელის საქმეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნასარაიამ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახლში წასვლას არ აპირებს.
ამავე თემაზე: გახარიამ “გურია ნიუსის” ექსკლუზივი დაადასტურა _ გომელაური შსს-ში, ღარიბაშვილი თავდაცვაში
ბიძინა ივანიშვილმა გახარია პრემიერის კანდიდატად წარადგინა და ცვლილებები დაანონსა