საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში აღნიშნა, სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს.
ამასთან, გომელაურმა განაცხადა, რომ სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, კრიმინალურ, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციას.
„წარმოგიდგენთ შსს-ს სიახლეებს, რეფორმებს, რა გატარდა აქამდე და მომავალში რა იგეგმება. ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება. როგორც ცნობილია, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა.
სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. რეფორმირების პროცესში ხორციელდება სისტემის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.