“თქვენი საქმე არ არის, საით გავიხედავ, ნუ მებლატავები”- სიტყვიერი დაპირისპირება ლევან კობერიძესა და ივანე მაჭავარიანს შორის. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „მაესტროს“ სახელმწიფოს მიმართ 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, რასაც მათგან უნდა ითხოვდნენ. კობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს 100 მილიონი ყალბი აქტივი აქვს დღგ-ს ნაწილში.
„სამ ტელევიზიას 55 მილიონი აქვს მოპარული და როგორც ვუყურებ, მაგის დამბრუნებელი არავინ არის. 100 მილიონი დღგ-ს ნაწილში გაქვთ ყალბი აქტივი შექმნილი. ასე შევარდნაძის დროს არ ხდებოდა. რატომ არ მისმენთ?“, – მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს, რაც მათ შორის ცხარე კამათის მიზეზი გახდა.
„თქვენი საქმე არ არის, მე საით გავიხედავ. შეგიძლიათ, დაელოდოთ, როცა პასუხის დრო იქნება. მიიღებთ ამომწურავ პასუხს“, – მიმართა მაჭავარიანმა კობერიძეს. თავის მხრივ, ლევან კობერიძემ ივანე მაჭავარიანს მიმართა – „ნუ მებლატავები“.