საპარლამენტო გამოსვლისას გიორგი გახარიამ ახალგაზრდებთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
,,კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. ამაზე იქნება დამყარებული ყველაფერი და ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს _ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები დღეს იდგნენ გარეთ საყვირით ხელში, მათ აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდეს – ჩვენც ასეთები ვიყავით – ძალიან კარგად მახსოვს დაახლოებით ის ასაკი და რამხელა აღშფოთებას იწვევდა ჩემში, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ ტრიბუნიდან გამოთქმული მოსაზრებები.
ყველაფრის მიუხედავად უნდა გავაკეთოთ ორი რამ: ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ახალგაზრდები და არ უნდა მივცეთ დესტრუქციულ, პოპულისტურ ძალებს რომ აიფარონ ისინი წინ ფარად, ეს ერთი და ამის ერთადერთი გზა არის მათი მაქსიმალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეორე – ეს არის ალბათ ერთადერთი ძალა, რომლისგანაც ჩვენ ვალდებულება გვაქვს პოზიტიური, რომ მოვითმინოთ ყველაფერი და ჩვენ ამ ვალდებულებას როგორმე თავს გავართმევთ.’’ _ განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განათლების ცენტრის სტუდენტებზეც ისაუბრა, რომელმაც პრემიერის ფონდის დაფინანსებით განათლება საზღვარგარეთ მიიღეს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მათი ადაპტირებისა და სახელმწიფო სტრუქტურებში ეფექტიანად დასაქმებას ყურადღება მიექცევა სტუდენტების სპეციალიზაციიდან და პროფესიიდან გამომდინარე.