სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აწევინებს, სავარაუდოდ, ოჯახის წევრი ან ახლობელი, მცირეწლოვან ბავშვს მარიხუანას.
ამ ეტაპზე უცნობია, სად და როდის არის გადაღებული ვიდეო და ვინ არის კაცი, რომელიც ბავშვს, სავარაუდოდ, მარიხუანას აწევინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ კაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – განუცხადეს imedinews-ს შსს-ში.