ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში „გამარჯვეულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამომ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კიბოს დიაგნოზზე გამარჯვებული ქალბატონები იმყოფებოდნენ, სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.
იუბილეს ესწრებოდნენ “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი და ლანჩხუთის კლუბის ხელმძღვანელი მზია კვირკველია.
„დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში განაჩენი არ არის“, – თქვა მზია კვირკველიამ.
მისი აზრით, ასევე, აუცილებელია იმ ქალბატონებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხების შესახებ.
„ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ამბობს დიაგნოზზე უკვე გამარჯვებული ქალბატონი.
საღამო კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ კლუბის დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა.
_ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურში დაარსების დღიდან კლუბს აქტიურად უდგანან გვერდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს: ზაალ მამალაძეს და ირაკლი კუჭავას, _ აღნიშნა თინა ბერუჩაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კლუბის ჩამოყალიბება გადააწყვეტინა.