24 სექტემბერს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, ოზურგეთის საზოგადოება, როგორც მხატვარმა ვახტანგ მამეშვილმა თქვა, აწ გარდაცვლილი მხატვრის, გურამ ღლონტის დაბრუნებას შეხვდა _ აქ ნიჭიერი მხატვრის პერსონალური გამოფენა და სახელობის ,,ოქროს პალიტრა” გაიხსნა.
ღონისძიების დასაწყისში სტუმრებს სახვითი ცენტრის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე მიესალმა და მხატვრის შემოქმედების ნიშანდობლივ მხარეებზე ისაუბრა.
_ გურამ ღლონტის ნამუშევრები დახვეწილი ესთეტიკაა, ის სულით ხორცამდე გრაფიკოსია, მისი ფიქრები და კომპოზიციები ძალიან ქართულია. მის შემოქმედებაში გურული ხაზი განსაკუთრებით სავსეა გურულ კოროლიტზე აგებული ნამუშევრებით. სიმბოლურია მისი ოქროს პალიტრის გახსნაც დღეს, როცა ჩვენი თაობისთვის ის უკვე კლასიკად არის ჩამოყალიბებული, _ თქვა მან და აღნიშნა, რომ გურამ ღლონტის სულში უდიდესი, თანაბარი სიყვარული მეფობდა პოეზიისადმიც. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „მერანი“, წარწერით „სული ჩემი ვითარცა მერანი“ ყოვლისმთქმელია _ თუ როგორ უყვარდა მას პოეზია, ფოლკლორი და ეს უფრო ძლიერ ასახვას მის ნახატებში პოულობდა.
გამოფენას დაესწრნენ მხატვრის ოჯახის წევრები.
გურამ ღლონტის გამოფენა, სადაც უხვად არის წარმოდგენლი გურული პეიზაჟები, საყოფაცხოვრებო შტრიხები, ბახმაროს სიდიადე სხვადასხვა კუთხით, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.