დღეს, 12 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მხარის რწმუნeბულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. აქ ელჩმა მოინახულა კოოპერატივი „ნაგომარი“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი პლანტაციები, რომელიც ევროკავშირის დახმარებით გაშენდა.
_ ჩვენი კოოპერატივი 2015 წელს შევქმენით. იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი, რომ ვიხსენებ, ხშირად მიჩნდება კითხვა _ დღეს რომ ვიწყებდე ყველაფერს თავიდან, ნეტა, თუ გავრისკავდით,-მეთქი. ისე კი, ნულიდან კი არა, ნულს ქვემოდან დავიწყეთ ყველაფერი და თავდაუზოგავმა შრომამ, უდიდესმა დახმარებამ, რაც ევროკავშირმა გაგვიწია, შედეგი გამოიღო და საუკეთესო შედეგი მივიღეთ. ახლა უკვე მხოლოდ წინსვლასა და წარმატებაზე ვფიქრობთ, _ გვითხრა კოოპერატივ „ნაგომარის“ ხელმძღვანელმა ნანა ყირმელაშვილმა.
კოოპერატივი ნაგომარს ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები გააჩნია, რის მეშვეობითაც მოახდინა 12 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილტაცია. სულ კი, როგორც ნანა ყირმელაშვილმა გვითხრა, 25 ჰა ჩაის პლანტაციას ფლობენ, რომელიც უკვე რეაბილიტირებულია. მათ 75 ადამიანი დაასაქმეს. დღეისთვის აქ 15 ტონა ჩაის ფოთოლს კრეფენ. სამომავლოდ კი მეტ წარმატებას ელიან და სურთ, კიდევ უფრო გააფართოვონ და გაზარდონ ჩაის პლანტაციიების რაოდენობა.
_ კოოპრატივი „ნაგომარი“ ჩვენი 17 პარტნიორი კოოპერატივიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ ჩანს, რამდენი ენერგიადა შრომა არის ჩადებული. ვიმედოვნებ, რომ აქ დამზადებული ჩაი საერთაშორისო ბაზრებზე გავა“, _ თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.