საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.
დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით. დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. (R)