CSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა.
სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის, ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას.
CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით.
ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა.
რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის კომპანია გამოიკითხა.
„გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების საკითხიც იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი.
როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს, კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის.
„რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ზურაბიშვილი.
































































