20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
კახა ღავთაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კახა ღავთაძემ ბრალი აღიარა.
20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინაღმდეგობა და მასზე თავდასხმა.
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე ადამიანს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.