აჭარაში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
30-31 ოქომბერს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.
საგანგებო სიტუაიციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მეწყერის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, დაზიანებულია ერთი ხიდი. მომხდარის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმირებულები არიან და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
„112“-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა.
ძლიერი წვიმის გამოო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე პოლიციის ჯგუფები.
მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად ჩართული იყო სამაშველო ნავი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის აჭარაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რამდენიმე ადგილას გრძელდება წყლის ამოტუბვითი სამუშაოები.