“მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ _ მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს. დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში“, _ ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთ ლიდერს ირმა ინაშვილს ეკუთვნის.
მისივე თქმით, “სააკაშვილისა და ბოკერიების ჯგუფების მიზანი არის ეკლესიის ავტორიტეტის განადგურება. ამ ხალხს ხელი არ აუღია ამ გეგმაზე. ის პროცესი, რაც მიდის ეკლესიის წიაღში სწორედ ფსევდო-ლიბერალებისგან არის ინსპირირებული, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ შეერთებულ შტატებშიც _ ის ჯგუფები, რომლებიც ტრამპსაც უპირისპირდებიან.
სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მეუფე პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს… ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ, თუ ასე გააგრძელებს. ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში”, _ თქვა ირმა ინაშვილმა.
მოგვიანებით ირმა ინაშვილმა შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“სამშობლოსადმი სიყვარული, რწმენისადმი ერთგულება, პატრიარქისადმი პატივისცემა სადღეგრძელო არ არის _ ეს ყველაფერი მთლიანობაში პასუხისმგებლობაა. უმძიმესი დღე იყო, როგორც შავი ღრუბელი… მაგრამ ამ დღემ ნათლად აჩვენა ორი ნაპირი. აი, აქ უკვე შუა არ არსებობს: ან ეკლესიასა და პატრიარქთან ხარ ან უიმედოდ დაკარგული ხარ… დღეს ისიც ვნახეთ, რომ უმცირესობის უმცირესობაში არიან უიმედოდ დაკარგულნი, ხოლო ეკლესია, პატრიარქი და მრევლი დიდი ხანია არ ყოფილა ისეთი ერთიანი და მტკიცე, როგორც დღესაა“, _ წერს “ფეისბუქზე“ ირმა ინაშვილი.