ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში მის განმწესებას არ თანხმდება და სხვა მონასტერში განმწესებას ითხოვს.
„შიომღვიმეში არ წავალ. მე თავად გადავწყვეტ სად წავალ. შეთანხმებულად მოხდება, თუ მოხდება. შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას, ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი, დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩემი არჩევანი და თხოვნა არის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი.
მარტივად დავთმე გუშინაც ეს ყველაფერი, შეფასებაზე იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებაზე პრობლემა რომ მქონოდა, გუშინაც წავიდოდი კომპრომისზე“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა. „31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.