ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ლიდერთა სკოლის ინტერაქტიული თეატრის ჯგუფმა, სპექტაკლით: ,,რვას+1“, მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისში გამართულ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალში “მაჩაბელა”.
წარდგენილი სპექტაკლის ძირითადი თემაა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, რომელიც აგებულია მოზარდების მიერ მოძიებულ, გურიის რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლებში არსებულ რეალურ ფაქტებზე.
სპექტაკლი მაყურებელმა გულთბილად მიიღო, ჟიურის წევრებმა აღნიშნეს ინტერაქტიული სპეკტაკლის დანიშნულების უნიკალურობა და სპეკტაკლში მონაწილე ყველა მოზარდი გამოცხადდა გამარჯვებულად ნომინაციაში _ მთავარი და ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ასევე, დიპლომით დაჯილდოვდა ინტერაქტიული თეატრი და სპეკტაკლის რეჟისორი თათული მგელაძე.
თათული მგელაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ აღნიშნულ ფესტივალში ხშირად მონაწილეობს ინტერაქტიული თეატრის ჯგუფი.
“წელს განსაკუთრებული ის იყო, რომ ჩვენ მიერ დადგმულმა სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ათი მონაწილე ბავშვი საუკეთესო როლის შემსრულებელი გახდა. ასეთი, რამ ჯერ არ მომხდარა ფესტივალზე.
სპექტაკლში გადმოვეცით მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა. მინდა გითხრათ, რომ ყველა ამბავი, რომელიც გამოვიყენეთ დადგმაში, არის რეალურ ფაქტზე აგებული.
სპექტაკლის ბოლო იყო მძიმე საყურებელი, მაგრამ ამ პრობლემას ვერსად გავექცევით. ერთ-ერთ სკოლაში (გურია) ბავშვებს ძალადობის შესახებ თემა უნდა მოემზადებინათ. ბავშვმა მასწავლებელს ჰკითხა _ თემაში უნდა განვავრცოთ მარტო ოჯახში ძალადობა თუ სკოლაში ძალადობაცო? ეს კითხვა პედაგოგმა შეურაცხყოფილად მიიღო. მან ბავშვს უთხრა: შენ ხარ ენაგატლეკილი, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ შენ იზრდები უკაცო ოჯახში. ქალები გზრდიან და შენც ქალი ხარო“, _ გვითხრა თათული მგელაძემ.