დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, იმის გამო, რომ წმინდა სინოდმა მიიღო პრეზიდენტთან შუამდგომლობის გადაწყვეტილება, გამონაკლისის სახით ვინმეს პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს.
„გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან დავაფიქსირე პოზიცია, როდესაც ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. ჩემი ერთი ხმა მივეცი მის შეწყალებას და მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, მიმაჩნია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი პატიმარი უკვე წელიწადია ელოდება, დადგინდეს ეს კრიტერიუმები. ისინი ელოდებიან შეწყალების პროცედურას, გამონაკლისის სახით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება.
მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად ჩამოაყალიბოს და შეიმუშავოს შეწყალების პროცედურები და კრიტერიუმები, ამ ჭრილში განიხილოს არა მხოლოდ მამალაძის, არამედ სხვა იმ პირთა შეწყალების საკითხები, რომლებიც ელოდებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“,_ განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, წმინდა სინოდის სხდომაზე დეკანოზ მამალაძის შეწყალების გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს მიიღეს. თუმცა, საპატრიარქოს ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.