55 წლის ემზარ ანთაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ცხოვრობს. ის ავტოინჟინერია და მანქანების გაკეთებით არის დაინტერესებული. მის მიერ გაკეთებული მანქანები არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში პოპულარობით სარგებლობს.
_ მანქანებით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. 2014 წლამდე ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში და როდესაც სახლში წამოვედი, უფრო აქტიურად დავიწყე ძველი, ასე ვთქვათ, უსიცოცხლო მანქანების აღდგენა. ესენია: „გაზ 21“, „გაზ 24“, სტალინის დროინდელი “მოსკვიჩები“, „პობედები“… ერთ მანქანაზე ლიცენზია ავიღე და ბუბუ დავარქვი. რატომ ბუბუ? ოჯახში ვთქვი ჩემი შვილიშვილი რასაც იტყვის პირველ სიტყვას, მის სახელს დავარქმევ,-მეთქი. ბავშმა „ბუბუ“ თქვა , ალბათ, „ბაბუას“ თქმა უნდოდა, _ გვითხრა ემზარ ანთაძემ.
მის მიერ გაკეთებული ერთი მანქანა ლონდონში მცხოვრებმა კოლექციონერმა წაიყვანა:
_ ერთ ქუთაისელ კაცს გავუკეთე ძველი „გაზ 24“, და მან ლონდონში წაიყვანა. ეს ადამიანი კოლექციონერია.
ემზარ ანთაძის თქმით, ის სხვის დამზადებულ მანქანას ენდობა, მაგრამ ძველი მანქანების აღდგენის და მერე მისი ხილვის პროცესი განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს.
ამ წუთებში ჩვენი რესპონდენტი „პობედას“ აკეთებს, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდებიან მისი ახლობლები.