კინოთეატრ „ამირანთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა ის ტერიტორიიდან განარიდეს. სავარაუდოდ, ბერძენიშვილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას მხარს უჭერდა.
კინოთეატრთან „ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი კინოთეატრში შესვლას ცდილობენ. ადგილზეა მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.
კინოთეატრ „ამირანთან“ სამართალდამცველებთან ერთად სპეცრაზმიცაა მობილიზებული. ისინი კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ და სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილები.
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.
ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში დღეს იმართება.